Zviad Zviadadze :
krótki opis po polsku
ზვიად ზვიადაძე:
პროექტ „ჩვენი ხმას“ მეორე გმირი ზვიად ზვიადაძეა, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი.
რა მოხდა: დაახლოებით 22 წლის ასაკში დავკარგე ჯანმრთელობა.
ეტლიდან დაწყებული ახალი ცხოვრება: შოკისმომგვრელი იყო ჩემი ამბავი, გაუგებარი იყო რა დამემართა. აღმოჩნა, რომ ჩემი შემემთხვა ერთ-ერთ მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, რასაც სპინარული დაზიანება ქვია. მოკლედ, ხერხელმის დაზიანებით აღმოვჩნდი საავადმყოფოში. თავდაპირველი მოლოდინებით პირველი სამი თვის შემდეგ ფეხზე უნდა გამევლო, ამ დროის გასვლის შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ მომდევნო სამ თვეში უნდა გამევლო. ამასობაში გავიდა ცხრა თვე. ამ ცხრა თვის შემდეგ აღმოვჩნდი ერევანში, რეაბილიტაციის ცენტრში. იქ საქართველოდან მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მაშინ დამეხმარა ერთ-ერთი მე ვყოფილიყავი. იქ უკვე მეორე შოკი იყო: აქ დაიმედებულს სამ-სამთვიანი მოლოდინებით, იქ ამერიკელმა პროფესორმა ორი შემოვლის შემდეგ მითხრა, რომ „სრული დაზიანება“ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა გამეტარებინა. ერევანში ძალიან მაღალკვალიფიციური სარეაბილიატციო ცენტრი იყო, ამჟამადაც ფუნქციონირებს. ამერიკელი პროფესორის ნათქვამი მეორე ტყვიის მოხვედრასავით იყო ჩემთვის. თუმცა შემდეგ, როცა დავაკვირდი იმ 120 ადამიანს, რომლებიც მაშინ იმ რეაბილიტაციის ცენტრში გადიოდნენ მკურნალობას, უფრო სწორედ, მკურნალობას არა, მხოლოდდამხოლოდ ვარჯიშებს, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა, მივხვდი, რომ უნდა დამეწყო მეორე ცხოვრება და მესწავლა როგორ გადამედგა ნაბიჯები. იქ იყო ძალიან სხვანაირი მიდგომა, რასაც მართლა მივესალმები. იქ აღმოვაჩინე ძალიან ძლიერი სპორტსმენები, იქ აღმოვაჩინე მაგარი მომღერლები, მცურავები, კალათბურთელთა გუნდი, შშმ პირი ბიზნესმენები. მერე უკვე მაინტერესებდა მათი მოტივაცია - ისინიც ხერხემლის დაზიანებით იყვნენ და რითი ხელმძღვანელობდნენ რომ თავი არ მოეკლათ. მარტივად რომ ვთქვა, ძალიან დიდი შოკია ასეთ ასაკში, ასეთ წლებში ასეთი შემთხვევა, ენით აღუწერელი რამ არის, გაფიქრებაც კი აღარ მინდა.
ახალი შემართება: შვიდი თვე გავატარე ერევნის რეაბილიტაციის ცენტრში და სრულიად სხვა ადამიანი ჩამოვედი. სულ სხვანაირი მიზნებით. უკვე ჩემთვის აღარ წარმადგენდა სირცხვილს და შიშს ის, რაც მანამდე იყო, მაგალითად, ადრე ექიმთან ვიზიტი რომ მქონდა, სამი დღე არ მეძინა, ვღელავდი, ვიღაცას ხელით უნდა ჩავეყვანე, გადაადგილების პრობლემები მქონდა, სულ დახმარება მჭირდებოდა - ეს იყო რაღაც აუტანელი პერიოდი. ამ რეაბილიტაციის ცენტრში ყოფნისა და ამ ადამიანებთან თავისუფალი და ხალასი დამოკიდებულების შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. ამას დაერთო ის, რომ გორში შეიქმნა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ ქალბატონ თინა ბრეგვაძესთან ერთად. ჩემი ცხოვრება ამ ორგანიზაციამაც შეცვალა. აქ ხელობებს ასწავლიდნენ. მე ძალიან მომეწონა ტიხრული მინანქარი და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ძალიან დამამშვიდებელი პროფესიაა, შეიძლება ასე ვთქვათ.
ცვლილებები საზოგადოებაში: შეიცვალა ადამიანების შშმ პირებისადმი დამოკიდებულება. ერთხელ, მაშინ ის ძველი პერიოდი იყო, უკვე ჩემთვის ყველაფერი გადახარშული მქონდა, სტუმრადაც დავდიოდი. მოკლედ, გასვენებაში ვიყავი, სუფრიდან რომ გამოვდიოდი რამდენიმე ქალი იდგა იქ და ჩემზე თქვეს „ეს საცოდავიო“. იმდენად დამთრგუნა ამ ნათქვამმა, გეგონება ზურგში რაღაც ჩამარტყეს. მერე გამდევდა ეს და აი, ახლაც მახსოვს, ოცი წლის შემდეგ.
შშმ პირების უფლებებისთვის ბრძოლის გზა: ოცი წლის წინ გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შექმნისას ღამეებსაც კი ვათენებდით, ვიბრძოდით ჩვენი უფლებების მოსაპოვებლად. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ საზოგადოება გათვითცნობიერდა. სხვადასხვა ურთერთობებში უცებ აღმოვაჩინე, რომ ადამიანები არ მეკითხებიან რა მჭირს, რა მომივიდა. თავდაპირველად, როცა ეს აღმოვაჩინე, ძალიან გაოცებული ვიყავი. ბრძოლის დაწყებიდან წლების შემდეგ, უკვე სხვა სამსახურში, სხვა გარემო დამხვდა. თუნდაც მერიაში, სადაც ვმუშაობ. გაზრდილია ხალხი. აღარ არის ეს „ვაიმე რამე ხომ არ გინდათ, რაიმეთი ხომ არ დაგეხმაროთ“ დამოკიდებულება.
სამსახური - ტიხრული მინანქარი ჩემი ბიზნესია. სულ ცოტა ხანში ჩამოვიტან ჩემს სამზადისებს, რომლითაც ახალი კოლექციიის გაკეთებას დავიწყებ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შშმ პირისთვის კერძო ბიზნესის გაძღოლა ძალიან რთულია. საჯარო სამსახურში ავად რომ გახდეს თანამშრომელი, მას ელემენტარულად ბიულეტენი გამოეწერება, ანაზღურება მიეცემა, შვებულებით ისარგებლებს. კერძო ბიზნესში შესვლა ძალიან კარგია, თუნდაც მინანქარი ავიღოთ. შესანიშნავია შემოსავლის თვალსაზრისით. ონლაინ გაყიდი, გამოფენა გექნება. მე იმ ადამიანზე ვლაპარაკობ, ვისაც ზოგადად საკუთარი საქმე აქვს. ღმერთმა არ ქნას და ავად რომ გახდნენ და ერთი-ორი კვირა მკურნალობის გავლამ მოუწიოთ, აღმოჩნდება რომ საქმე ზარალშია, რადგან ქირაა გადასახდელი, ან პროდუქცია დროზე ვერ შექმნა, ან რაღაც სერვისი ვერ განახორციელა. ამ შემთხვევაში ძალიან პრობლემატურია ეს თემა და ჩემი თხოვნა იქნება რომ ამ დაუცველობაზე გამახვილდეს ყურადღება. შშმ პირი, რომელსაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, გადახდისუნარიანია, შემოსავლები აქვს, იბეგრება, მაგრამ საქმის წარმოების პერიოდში ავად რომ გახდნენ, მათ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება, რომ არ დაიხუროს.
ტიხრული მინანქარი შშმ ბავშვებისთვის - გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ მინანქარის გაკვეთილებსაც ვატარებთ და თქვენ იცით, რომ ჩვენი ბავშვებსთვის ეს მშვენიერი რეაბილიტაციაა? შეიძლება ეს სრულყოფილი სერვისი არ არის, მე ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია მათ გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად მოტორიკა არ უმუშავებთ, ან სხვა, ვერ დაასრულონ საქმე, მაგრამ თავად პროცესი, ფერებთან შეხება, მუშაობის პროცესი მათ ამშვიდებთ და თავისებურად ახალისებთ. ჩემი სურვილია ბევრი შშმ პირი იყოს დამოუკიდებელი - მარტო პენსიაზე რომ არ იყოს დამოკიდებული ამას ვგულისხმობ - ეს იქნება დიდი შედეგი. თუნდაც წელიწადში ერთხელ ორი ადამიანი რომ გამოიკვეთოს გორში, ორი ადამიანი, რომლებმაც კიდევ რაღაც სცადეს სხვა მიმართულებით და წარმატებას მიაღწიეს.
ოჯახი: ოჯახის წევრებისთვისაც, მეუღლე, მშობლები, დედ-მამის შვილებისთვის ჩემი მდგომარეობა თავდაპირველად კატასტროფის ტოლფასი იყო. მახსოვს, ერევნიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ხელოვნური ფიქსატორებით კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა შემეძლო. ერთხელ სააბაზანოში ხელებს ვიბანდი, ყავარჯნები მიყუდებული მქონდა და სხეულით ვიყავი ხელსაბანზე დაყრდნობილი, ამ დროს ჩემი სამი წლის შვილი შემოვიდა და გაოცებული ყვირილით გავარდა, მამიკომ გაიარაო. ეს დღე და ეს წამი არ დამავიწყდება. თან ვამბოდი, ნეტა ამ სიტყვებს არ შევსწრებოდი და როცა ეს მომივიდა მაშინ დავღუპულიყავი. ეს ძალიან ემოციური თემაა და ოჯახი გადამწყვეტ როლს თამაშობს მასში. ის სიმშივდე, რომ შენ კი ეს ამბავი მოგივიდა, მაგრამ ოჯახის წევრები, მეუღლე, დედა, მამა და სხვები გამშვიდებენ, ისინი გეუბნებიან არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მარტო ამ სიტყვასაც ყველაფერი შეუძლია შეგიცვალოს. როცა პირიქით ხდება როცა გეკითხებიან „რა გავაკეთოთ? ახლა რა ეშველება ამ ოჯახს, ბავშვს რითი მივხედოთ?“, ეს უკვე იმ ადამიანისთვის დახვრეტის ტოლფასია. ოჯახი არის უპირველესი, მე ასე მგონია, ყველა ადამიანის ცხოვრებაში და შშმ პირის ცხოვრებში განსაკუთრებით.
გარემოს ადაპტაცია საკუთარი სახლიდან იწყება: როცა მოსახდენი ხდება და ჩვენი ცხოვრება იცვლება, საჭიროა გარკვეული დრო გავიდეს იმისთვის, რომ გაიაზრო რა დაგემართა. მეორე - აუცილებელია, რომ ამ ადამიანებს შიგნით, სახლში ჰქონდეთ ნომერ პირველი პრობლემები მოგვარებული, ეს არის სველი წერტილები, სახლში დამოუკიდებლად შესვლა და სახლიდან დამოუკიდებლად გამოსვლა. ძალიან მინიმალური საჭიროებები ოჯახმა უნდა მოაგვაროს, რომ შშმ პირმა დამოუკიდებლად დაბანა შეძლოს ან ვიწრო კარები განიერი კარებით შეცვალოს. ცერებრალური დამბლის მქონემ ხელების თავისებური დაბანა რომ შეძლო, ის ამითიც ბედნიერია, სავარცხელს რომ დაიჭერს და სარკეში ჩახედვა შეუძლია ამითიც. თუკი მძიმეწონიანია, საწოლიდან ასადგომად ოჯახს შეუძლია ისეთი ხელსაწყო დაუმონტაჟოს, რაც შშმ პირსაც და მშობელსაც საწოლიდან გადაჯდომას გაუადვილებს. როცა ოჯახში ეს მინიმუმი იქნება მოგვარებული, შეუძლიათ უკვე გარეთ გაიხედონ და დაინტერესდნენ გარეთ რა ხდება. ამის მერე მათი ცხოვრება კიდევ უფრო სხვანაირი ხდება. ვინც თავიდან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და შემდეგ თავზე ეს უბედურება დაატყდა, იმათ სხვა მიდგომა სჭირდებათ. ისინი უფრო გვიან იგებენ, უფრო სხვანაირები არიან, უფრო ნაწყენები არიან, ღმერთზე, ცხოვრებაზე. მე ბევრთან მისულვარ, ძალიან ბევრ ოჯახში დავდივარ და ვცდილობ მხარი დავუჭირო, სათითაოდ გავაძლიერო, სათითაო წავაქეზო, რომ გარეთ გავიდნენ.