Victor Karkishvili

 

Victor Karkishvili:

krótki opis po polsku

ვიქტორ ქარქიშვილი:

"ჩვენი ხმა" წარმოგიდგენთ პროექტის მეშვიდე გმირს.

ვიქტორ ქარქიშვილი - პარამოცეკვავე, პარასპორტსმენი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი

 ბავშვობა - ჩემი მდგომარეობა არც თუ ისე განსხვავებული ყოფილა იმ შშმ პირებისგან,  რომელი წლების კატეგორიასაც მე მივეკუთვნები. საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდი გამოვიარე, რაც არც თუ ისე კარგი დრო იყო - შშმ პირებს არ ჰქონდათ ეტლი, არ ჰქონდათ განვითარების არანაირი საშუალება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეტლის გარეშე მიწევდა ცხოვრება. რაც ძალიან რთული იყო. მხოლოდ მოზრდილ ასაკში შევძელი მქონოდა გადაადგილების საშუალება და უფრო მეტად ვყოფილიყავი ჩემს ცხოვრებაში რეალიზებული.

posłuchaj historii
მოუსმინე ამბავს

 

 

 

 

 

 

 

fot. Tsitsvidze Tinatin


ბავშვობიდან ოჯახისა და მეგობრების დიდი მხარდაჭერა მქონდა. ჩემი მოტივაცია იყო არ ვყოფილიყავი ერთ ადგილას გაჩერებული, მაქსიმალურად ვცდილობდი მობილიზებას. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვიდექი იმის გამო, რომ არ მქონდა ეტლი, არ იყო ადაპტირებული გარემო.

 განათლება: ფიზიკურად არ მქონდა იმის საშუალება, რომ სკოლაში მესწავლა, რადგანაც შესაბამისი გარემო პირობები არ იყო ამისთვის. არც მასწავლებლებს ჰქონდათ ის დამოკიდებულება, რაც ახლა. მშობლებსაც ჰქოდათ რაღაც უხერხული მომენტები. ამიტომ რამდენიმე წელი სახლში ვსწავლობდი, სახლში მოდიოდა მასწავლებელი. შემდეგ მეოთხე სკოლაში გავაგრძელე სწავლა. რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე სწავლა ბოლომდე ვერ მივიყვანე, იმის მიუხედავად, რომ მინდოდა სკოლა დამემთავრებინა.

 ბიზნესი: უკვე 90-იანი წლებიდან მქონდა. ამის მიზეზი მოტივაცია იყო და ასევე, ეს მიზნისკენ სწრაფვამ განაპირობა. მანქანაზე რამდენიმე წელია აქტიურად გადავაადგილდები. ისე მოვერგე გარემო პირობებს, როგორც სხვა მძღოლები. ჩემი თავის ადაპტირება მოვახდინე და ყველაფერი კარგად მიდის.

პარამოცეკვავე: 2010-2012 წლებიდან პარასპორტის ცეკვის მიმდინარეობაში ვარ. ქალბატონმა ია თავაძემ შთამაგონა, რომ უნდა ჩავრთულიყავი ამ აქტივობაში. ეს მაშინ ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო. ვიდეოც კი არ მონდა ნანახი როგორ ცეკვავდა ეტლით მოსარგებლე, ამიტომ, თავიდან სასაცილოდაც კი არ მეყო ამაზე ფიქრი.  შემდეგ, როცა უშუალოდ ჩავერთე პროცესში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ასე ვთქვათ, მოთხოვნილება გამიჩნდა იმისი, რომ ეს გამეკეთებინა, რატომაც არა. ცეკვაზე მუშაობა ნელ-ნელა გრძელდება, ახლა კორონა-პანდემიამ  შემიშალა ხელი, თუმცა, მიმდინარე წლის მიწურულიდან უკვე აქტიურად ვაპირებთ მუშაობას, რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებებიც მაქვს. მომავლი წლიდან კი ისევ გავაგრძელებთ ცეკვაზე მუშაობას.

პოლიტიკაში: კენჭს ვიყრი მაჟორიტარ კანდიდატად. მოსახლეობამ მხარი თუ დამიჭირა და შევედი საკრებულოში, ძალიან ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ წავიყვანო, საუბარია ინოვაციურ პროექტებზე თუ თითოეული ადამიანის ხელშეწყობის გაუმჯობესებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ვიყრი კენჭს, ჩემი სამუშაო მიმართულება ტურიზის განვითარება და მისი ხელშეწყობა იქნება.  სხვადასხვა ქვეყნებთან მაქვს კომუნიკაცია, კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ, კერძოდ კი ატენის ხეობაში, მაგრამ ჩვენ არანაირი ინფრასტრუქტურა არა გაგვაჩნია. მარტივად, იმის შესაძლებლობაც კი არა გვაქვს, რომ ტურისტები დავაბინაოთ. ხშირად სტალინის სახლ-მუზეუმში ჩამოდიან და იმის იქით ვერაფერს ნახულობენ.

  შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო: ეს ჩემი პრიორტეტია. ახლახანს უკრაინაში ვიყავი. ეტლით მოსარგებლე ადამიანს იქ გადაადგილებაში არანაირი დახმარება არ სჭირდება. ყველა ობიექტი ადაპრიტებულია და ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, როცა ტურისტული ქალაქის პრეტენზია გვაქვს, ყველაფერი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველა ადამიანისთვის ყველაფერი თანაბარად ხელმისაწვდომი იყოს.

მათ ვინც შშმ პირი გახდა: ცხოვრებაში ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ და მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. იმაზე უნდა იფიქრონ, რომ საკუთარი თავი განავითარონ, გაძლიერდნენ და საზოგადოებაში მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება და ადაპტაცია. თუ ეს არა გაქვს შინაგანად, ანუ, თუკი საკუთარი თავის სიძლიერე საკუთარ თავს არ დაუმტკიცე, სხვასთან ურთიერთობა  ვფქრობ, გაგიჭირდება. ანუ, პირველი საკუთარი თავის მიღებაა, შემდეგ კი საზოგადოებასთან ადაპტაცია.