Tina Bregvadze

 

  Tina Bregvadze:

krótki opis po polsku

 თინა ბრეგვაძე:

თინა ბრეგვაძე, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი. სამი შვილის დედა 90-იან წლებში უბედური შემთხვევის შედეგად ეტლით მოსარგებლე გახდა. ახლა ის ათასობით შშმ პირის და მათი ოჯახებისთვის სტიმული და ძალაა. მისი წყალობით შიდა ქართლში, მათ შორის ქარელსა და ხაშურში შშმ პირებს აქვთ ადგილი, სადაც რეაბილიტაციას, თერაპიას  გადიან, ეუფლებიან ხელობას, სხვადასხვა უნარებს იძენენ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან.

posłuchaj historii
მოუსმინე ამბავს

 

 

 

 

 

 

 

fot. Tsitsvidze Tinatin

ოჯახის ტრაგედია: 1951 წელს დავიბადე ქუთაისში, გელათში.  საშუალო სკოლის დასრულებისთანავე ჩემი ბედი ომარ ბრეგვაძეს დავუკავშირე და 1970 წლიდან გორში ვცხოვრობ. სამი შვილის ჩვეულებრივი დედა ვიყავი. მქონდა ოჯახი, არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი.

1994 წელს მანქანა, რომელშიც ვიჯექი, ჩაცხრილეს. არ მიყვარს ამის გახსენება. გახსოვთ, როგორი დრო იყო მაშინ. მანქანაში ოთხი ადამიანი ვიყავით, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენები დავიჭერით. მიგვიყვანეს საავადმყოში, სადაც უგონოდ ვიყავი ორი თვე. შემდეგ თბილისში გადამიყვანეს. ჩემს რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდა. თბილისიდან ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში გამიშვეს, სადაც რვა თვე ვიმკურნალე. ძირითადად იქ, იმ ცენტრში მოხდა ჩემი გააქტიურება, იქ ვნახე ახალგაზრდები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ძალიან აქტიურად მოძრაობდნენ ეტლით, აქტიურად ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას. ჩემთან ერთად იქ რამდენიმე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდაც იყო, მათ თავიანთი დედები თვალცრემლიანები ადგნენ თავზე. მაშინ, მე, როგორც დედამ გადავწყვიტე და მთელი ძალები მოვიკრიბე იმისათვის, რომ ძლიერი გავმხდარიყავი. გადავწყვიტე, ერევნიდან რომ დავბრუნდებოდი გამეკეთებინა ორგანიზაცია, რომ დავხმარებოდი შშმ პირებს და მათ დედებს.

 თანამოაზრეების შემოკრება და ასრულებული მიზნები: ერევნიდან დაბრუნებული დავუკავშირდი კოალიციას „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, მათ შესახებ ჩემმა შვილმა მითხრა. ჩავედი თბილისში, მათ შევხვდი. შემდეგ სოფელ-სოფელ დავდიოდი, რომ შშმ პირების შესახებ ინფორმაცია შემეგროვებინა. მივაკვლიე 25 ეტლით მოსარგებლეს და 1997 წელს გორში მარათონი გავმართეთ. გამარჯვებულებს პრიზები გადავეცით, ასე შეიქმნა ორგანიზაცია. 2000 წლამდე მოხალისე ვიყავი, მუშაობისთვის ფართი არ გვქონდა, 2001 წელს უკვე ფართიც ვიშოვე, დავიწყე აქტიური მუშაობა, თავდაპირველად ორგანიზაციაში მხოლოდ 25 პირი მყავდა, ყველა მათგანი ეტლით მოსარგებლე იყო. თბილისის ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად დავიწყეთ შშმ პირების უფლებებისთვის მოძრაობა, ღამეებს ვათენებდით, რომ რაღაც გაგვეკეთებინა.  დაფინანსება პირველივე წელს მივიღეთ და ორგანიზაციაში გაწევრიანებულ შშმ პირებს, ისინი  16 წელზე მეტი ასაკის იყვნენ, ხელობა ვასწავლეთ. ეს იყო ფეხსაცმლის შეკერვა. თანდათან ძალიან გავაქტიურდით. შემდეგ უკვე სხვა პროექტებიც წამოვიდა. 2005 წელს შენობა გადმოგვეცა, 2006 წელს იაპონიის მხარდაჭერით შენობის რეაბილიტაცია დავიწყეთ. დღეს იცით, რომ არაჩვეულებრივი შენობა გვაქვს. მრავალი ადამიანი გვყავს დასაქმებული, გვაქვს დღის ცენტრი. რომელიც 2008 წელს შეიქმნა.

2008 წლის ომის დროს ჩვენმა ორგანიზაციამ 38 ოჯახი შეიფარა. იქიდან 8 ბავშვი შშმ პირი იყო. ბავშვებისთვის დღის ცენტრი იუნისეფის დახმარებით გაკეთდა, რომელიც დღემდე არაჩვეულებრივად მუშაობს და ამით ბედნიერი ვარ მართლა. ჩემი მიზნები, რაც მქონდა დასახული და რაც მინდოდა გამეკეთებინა, შევასრულე. სულ ათი მიზანი მქონდა. მეათე მიზანი იყო რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის გახსნა ბავშვებისათვის, ესეც გავაკეთეთ და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი შემაძლებინა. 

 სირთულეები: ძალიან ბევრი უძილო ღამეები გამოვიარე, ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღეები. მიძნელდებოდა ეს ყველაფერი. ჩემთვის რთული იყო. მანამდე ეტლით მოსარგებლე არასდროს მყავდა ნანახი და ახალი რეალობა ჩემთვის მართლა ტრაგედია გახდა, მაგრამ მთელი ძალა მომცა იმან, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე ეტლით მოსარგებლე, იმათ ნამდვილად სჭირდებოდათ რაღაცა გზის მიცემა, შიდა ქართლისთვის კი ეს განსაკუთრებით აუცილებელი იყო. აქ, როგორც ამბობდნენ ყველაზე მეტი შშმ პირები ცხოვრობდა საქართველოს მასშტაბით. თან ძალიან ახალგაზრდები. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დამეხმარნენ. თუკი შშმ პირს თავდაპირველად ოჯახმა არ შეუწყო ხელი, ის ვერაფერს გააკეთებს. მაშინ ქუჩაში დაგვცინოდნენ კიდეც რომ გამოვდიოდით. „ამათ ჭკუა არა აქვთ, როგორ გამოდიან ქუჩაშიო“ - ამბობდნენ.  ეს ჩემი ყურით გამიგია. თავსაც არ გვარიდებდნენ, პირდაპირ გვეუბნებოდნენ ასე.  ერთხელ შშმ პირი ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად გადავიღეთ, ვიდეო შემდეგ ტელევიზიით გავიდა. ერთი მშობელი დამიკავშირდა და ისეთ დღეში ჩამაგდო, გიჩივლებთო, მემუქრებოდა.  ეს 2003-2004 წლებში ხდებოდა. დღესდღეობით სხვა მდგომარეობაა, საზოგადოება ამას უკვე სხვა თვალით ხედავს, უკეთესად მომზადებულია. ახლა შშმ პირების უფლებები მეტად არის დაცული, ამაზე ძალიან იმუშავა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, სადაც 46 ორგანიზაციაა გაწევრიანებული და რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ. ამ ადამიანებისთვის ბევრი რამ კეთდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი კარგად იქნება.

 რას შევცვლიდი ქალაქში: ქალაქში ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი შშმ ადამიანებისთვის. ძალიან ბევრი ადგილის ადაპტირებაა საჭირო, განათლების სფეროში, სამედიცინო სფეროში, გუშინ ანალიზები უნდა ამეღო. არ არის ადაპრირებული შენობა. 21-ე საუკუნეა, პირველი სართული ადაპრიტებული უნდა იყოს და მეორე სართულზე მშობელს ბავშვის ხელით აყვანა არ უნდა უწევდეს. სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მიხვალ და უბრალოდ ექოსკოპიას ვერ გაიკეთებ, იმდენად მაღალია საწოლები. ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი და ამას ყველაფერს შევცვლიდი. და აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგანაც უკვე კანონიც და სახელმწიფოც ავალდებულებს ორგანიზაციებს ამას.

 ოჯახი:  მე ქუთაისში დავამთავრე სკოლა, იმავე წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა, გეოგრაფიულ ფაკულტეტზე, მაგრამ წინა დღით გავთხოვდი. მამაჩემმა ჩემი გათხოვება ძალიან გააპროტესტა, მაგრამ ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. თავად მაშინ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. შეუღლების პერიოდში დაამთავრა სწავლა და გორში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ეს რომ დამემართა მაშინ მეუღლე უკვე ვიცე-პოლკოვნიკი იყო. უფროსი ბიჭი, მამა მიქაელი თბილისში სწავლობდა, შუათანა კობა, ახლა ჩემთან მუშაობს ორგანიზაციაში, ცხივნალის პედაგოგიურ სასწავლებელში ისტორიულ ფაკულტეტეზე სწავლობდა და პატარა მერვე კლასში იყო. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ ცხადია, მოვლა მჭირდებოდა და ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ამაში. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემმა მდგომარეობამ ჩემს შვილებზეც და ჩემს მეუღლეზეც, ოთხჯერ მიიღო გულის ინფარქტი. მაგრამ მაინც გადავლახეთ ეს ყველაფერი და მადლობას ვუხდი უფალს, რომ დღეს ათასობით შშმ პირისთვის დახმარების გაწევა შემიძლია და ეს მართლა მაძლიერებს.

როცა ერთი ტრაგედია დგება, მას სიახლე მოაქვს უკეთესი ცვლილებებისკენ. იმიტომ, რომ გორში შშმ პირებისთვის არაფერი იყო და დაიწყო, ხომ ასეა?

 ეპიდემიის რეჟიმში: პანდემიამ ძალიან იმოქმედა ჩვენს ორგანიზაციაზე,  იმოქმედა თვითონ ბავშვებზე. ბავშვებს ერთმანეთთან კონტაქტი უყვართ, მაგრამ ჩაიკეტნენ, ვერ იღებენ იმ განათლებას, რასაც ადგილზე მოსვლისას. თან ბავშვებს ძალიან დიდი სიყვარული აქვთ და ამას უხვად გამოსცემენ, ამისთვის სხვასთან ურთიერთობა სჭირდებათ.  ვფიქრობ, რომ 4 ნოემბერს ისევ დავიწყებთ მუშაობას და სახელოსნოები და სხვა წრეები ისევ ამუშავდება ჩვენთან, ბავშვები უფრო გახარებულები და ენერგიულები იქნებიან. ამ ეტაპზე კარგი, გამოცდილი პედაგოგები მყავს, ბავშვებს უყვართ მათთან მუშაობა და მეც მიხარია მათთან ერთად, ამ კეთილშობილ საქმეს რომ ვაკეთებთ.

 პრობლემა: შენობა, რომელშიც ვიყავით დროებით მფლობელობაში გვქონდა, ახლა ორწლიანი იჯარით გვაქვს. თუკი ჩვენ შენობა არ გვექნა, ძალიან ბევრ რამეს ვერ გავაკეთებთ. დონორი ორგანიზაციებისთვისაც ეს აუცილებელია თანამშრომლობისთვის.

 უახლოესი მიზნები: პატარა სასტუმროს გაკეთება შშმ პირებისთვის - მაგალითად მშობელს თუკი უნდა შვილის ერთი ან ორი კვირით დატოვება  და თავად სხვაგან წასვლა, მათ შვილს ჩვენ ის პერიოდი მივხედავთ.  მე სადაც ვნახე მსგავსი პროექტი, ყველგან ძალიან კარგად მუშაობს, მშობლებისთვის კი აუცილებელია განსატვირთავად. ძალიან რთულია, როცა მშობელს შშმ პირი შვილი ყავს და მიჯაჭვულია მას.

მინდა სახელოსნოების გაკეთება, რომ შშმ პირებმა ხელობები ისწავლონ და დამოუკიდებლები გახდნენ -  მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილებს დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა შეეძლოთ.