Rezo Mekvabidze:
krótki opis po polsku
რეზო მექვაბიძე:
რეზო მექვაბიძე გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მხატვარი პრიმიტივისტია. მას თანასოფლელები "თანამედროვე ნიკალას" უწოდებენ.
ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. კარგად ვსწავლობდი. ინსტიტუტიც დავამთავრე. ვარ ინჟინერ ჰიდრომელიატორი. სპეციალობით დაახლოებით ექვსი წელი ვიმუავე. ერთხელ ღამე სიზმარი ვნახე, რომელიც დავხატე. 1987 წლის 6 ივნისს. შემოდგომის ტყე იყო და მე მივდიოდი. წინ მთვარის შუქზე განათებული სოფელი გამოჩნდა. ეს სიზმარი ისე მომეწონა, რომ დავხატე, ეს ნახატი ახლაც შენახული მაქვს. შემდეგ, ისე მომეწონა ჩემი დახატული, რომ გადავწყვიტე მხატვრობა გამეგრძელებინა. ხატვა რომ დავიწყე 29 წლის ვიყავი.
ფერებთან მუშაობა თავისთავადი პროცესია. თვითნასწავლები, ისევე, როგორც მე, პრიმიტივისტები არიან. ამის შესამიშნავი მაგალითი ჩვენი ნიკალაა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ვმუშაობდი. თუმცა, ახლა მას კონკრეტულ სტილს ვერ მიაკუთვნებ, ზოგი ამბობს ეს რეზს სტილიაო, ყველაფერი ერთადაა შიგ.
ინსულტი დამემართა. ისეთი მძიმე მდგომარეობა მქონდა, რომ ექიმებს ეგონათ, ვერ გადავრჩებოდი. ერთ დღეს მოულოდნელად თვალი გავახილე და სიმღერა დავიწყე. ჩემს მეუღლეს, რომელიც მეორე ოთახში იყო, ამ დროს უფიქრია, ვინ მოვიდა, ვინ მღერის, ხომ იციან, რომ კაცი მიკვდება სახლშიო. ამ შემთხვევიდან ერთი თვისი შემდეგ წამოვდექი და გავიარე კიდეც. შემდეგ მეორედ მომივიდა ინსულტი ისევ, უკვე იმიტომ, რომ დავლიე. ხელოვან კაცს ზოგჯერ სჭირდება სასმელი. თუმცა, არა მუზის გამო. მუზა თავისთავად მოდის, ხან დალეულზე, ხან ფხიზელზე, ხან დილით და ხან შუაღამე - არავინ იცის ეგ როდის გამოჩნდება.
თუკი გაქვს საქმე, რომელიც გიყვარს, ეს გადაგალახინებს ყველა დაბრკოლებას, მოგცემს იმედს, გაგაძლიერებს. მე დილიდან საღამომდე ვმუშაობ და ვხატავ. შემთხვევამდე მარჯვენა ხელით ვმუშაობდი, ინსულტის შემდეგ ერთი წელიწადი არ მიმუშავია. შემდეგ ვთქვი, მოდი, ვცდი მარცხენათი-მეთქი. ასე დავიწყე მარცხენათი ხატვა. პირველივე ცდაზე ისე კარგად გამომივიდა, რომ თავადაც გამიკვირდა.
ჩემმა ავადმყოფობამ სიკვდილს გადამარინა და მომცა ის, რაც უნდა გავაკეთო. მომავალში მინდა თამარ მეფე და შოთა რუსთაველი დავხატო. ორჯერ დახატული მაქვს, მაგრამ ისევ ამ დღეებში დავიწყებამ თემებზე მუშაობას.
ჩემი ხატვის მიზანი ნამუშევრის გაყიდვა და ამით ფულის შოვნა არ არის. მაგრამ როცა ნახატი იყიდება მასთან განშორება ძალიან მიმძიმს. ხატვის დროს, მუშაობის დროს სხვა ადამიანი ვხდები. ზოგჯერ ვტირი კიდეც. ნახატის გაყიდვა არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვარ ხოლმე, რომ საღებავები ან სხვა საჭირო რამ ვიყიდო.