Nino Sabashvili

 

Nino Sabashvili:

krótki opis po polsku

ნინო საბაშვილი:

ნინო საბაშვილი - პარასპორტსმენი, მძლეოსანი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი მკლავჭიდში,  ევროპის ხუთგზის პრიზიორი,  სამგზის მსოფლიო პრიზიორი, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი. წოლჭიმის  მსოფლიო თასის სამგზის ვიცე-ჩემპიონი. გამოდის, ასევე, სხვადასხვა დისციპლინებში, როგორც მოყვარული სპორტსმენი.

posłuchaj historii
მოუსმინე ამბავს

 

 

 

 

 

 

 

fot. Tsitsvidze Tinatin

ბავშვობა : დავიბადე და გავიზარდე ქარელში, ვსწავლობდი ქარელის მესამე საშუალო სკოლაში, ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. შენიშვნას არ ვიღებდი არასროს, არც მშობლებისგან და არც სკოლაში. ვთვლიდი, რომ როცა დავალება იყო შესასრულებელი, ის ზედმეტი ლაპარაკის გარეშე უნდა გამეკეთებინა. 19 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია, ამის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გავხდი, უკვე 20 წელია ასე გრძელდება.  აქტიური ცხვრებით ვცხოვრობ, „კეთილდრეობისა და განვითარების დღის ცენტრის“ ქარელის ფილიალში „სიკეთის სხივი“ ხელოვნებას ვასწავლი.

ბრძოლა სიცოცხლისათვის: სტრესი და დეპრესია არასდროს მქონია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ფაქტობრივად სიკვდილს ვებრძოდი დიდი ხანი. არ მიფიქრია იმაზე, რომ  ეტლით მოსარგებლე ვიქნებოდი, მეუბნებოდნენ, რომ მჭირდება ვარჯიში. დრო კი გადიოდა.

ექიმების შეცდომა: ტერფის გამრუდებაზე გავიკეთე ოპერაცია, მართალი გითხრათ, დიდად არ მიშლიდა ხელს, არ მქონია რთული მდგომარეობა. ხან სპეციალურ ფეხსაცმელს ვიცმევდი, ზოგჯერ იმასაც არა და ჩვეულებრივად დავდიოდი სადაც მინდოდა. ექიმმა დაუშვა შეცდომა. ეს სხვა ექიმების შეფასება იყო ასეთი -  ორივე ფეხზე ნერვი მაქვს დაზიანებული, ასევე საყრდენი ძვალიც.

ერთხელაც:  ქალბატონი თინა (გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი) და ქალბატონი ლამარა (გორის ცენტრის ქარელის ფილიალის ხელმძღვანელი) ცენტრების შემქნის შესახებ აკეთებდნენ პროექტს, სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს აწყობდნენ.  ქალბატონი ლამარა, მაშინ სრულიად უცნობი ადამიანი მოვიდა ჩემთან და ამ ტრენინგზე დასწრება შემომთავაზა, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა წინადადება, მაგრამ მე მომერიდა. მართალი გითხრათ, არ მიყვარდა შეკრებებზე და შეხვედრებზე სიარული, ყოველთვის მერიდებოდა. მაგრამ შემდეგ სახლიდან გავედი და ახლა, როგორც გითხარით, ამ ცენტრში ვმუშაობ.

ქალი ძლიერია: მე ვთვლი, რომ ძალიან ძლიერია ქალი, ელემენტარულად, დედობა ისეთი ურთულესი საქმეა, რომ მას კაცი ვერ შეძლებდა. მამობაც რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ დედას სხვა ფუნქცია აქვს. ზოგადად ქალი ყველაზე ამტანი, ყველაზე გამტანი,  ფსიქოლოგიურად, ემოციურად ძალიან ძლიერია.  არ ვიცი რატომ ეძახიან ქალებს სუსტებს. იმის გარდა, რომ კაცზე მეტის ატანა შეუძლია, ასევე, შეუძლია ნებისმიერ სფეროში ადვილად რეალიზდეს. 

ოჯახი: ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები 24 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ და ცდილობდნენ არ მოვდუნებულიყავი, ფორმაში ვყოფილიყავი, თუნდაც, ელემენტალურად გაპრანჭვას ვგულისხმობ, თავის მოვლას.  ცდილობდნენ არ დავცემულიყავი. არ მანახებდნენ არასდროს, რომ ტიროდნენ, ან განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას, ცალკე შეიძლება, მაგრამ ჩემთან არა. ისევე ჩვეულებრივად მექცეოდნენ, როგორც მანამდე და ეს ძალას გაძლევდა და მაძლევს.  შემდეგ შენც ცდილობ,  გამაგრდე, გაუფრთხილდე შენებს და მათ შენი განცდები არ ანახო. ასეთი მიდგომა შემდეგ ფსიქოლოგიურად გაძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მეგობრებიც. როცა ისინი გყავს, უფრო თავდაჯერებულიც ხარ, უფრო მეტად ამაყიც ხარ, არ გეშინია გადაწყვეტილებების მიღების, რადგანაც იცი, რომ შენს უკან ის ადამიანები დგანან, რომლებიც დაგეხმარებიან.

 სპორტი: ერთხელ, უკვე დღის ცენტრში ვმუშაობდი, ჩვენი ბავშვები ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე გვყავდა წაყვანილი სამ დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშირისო დღეს მარნეულში. რადგანაც ასაკი არ იყო შეზღუდული, მეც ჩავეწერე რამდენიმე დისციპლინაში -  ჩამონათვალში რომ ვნახე მკლავჭიდი, შანსი ხელიდან არ გავუშვი, ძალიან მიყვარდა ეს სპორტი ბავშვობიდან. სკოლაში მოყვარულის დონეზე ყველას ვუწევდი ხელს, გოგოს, ბიჭს,  კლასში, უბანში. შემდეგ, როცა უკვე ეტლით მოსარგებლე ხარ, მეტად აქტიური და ძლიერი ხელი გაქვს, რადგანაც მუდმივად გიწევს ეტლით გადაადგილება. იმ დღეს პირველივე შეჯიბრზე მოვიგე და მთავარი მწვრთნელისგან არსენა შოშიაშვილისგანაც შემოთავაზება მივიღე. მისი წყალობით, ვარჯიშიდან 5 თვეში უკვე  მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი და ორი ვერცხლი ჩამოვიტანე, ორივე ხელში გამოვდივარ. შტანგა სახლში მაქვს და სულ ვვარჯიშობ.

სახლს გარეთ: როცა კარგი ჰაერია, მიყვარს ხოლმე საღამოს გასეირნება, ყოველთვის ვსეირნობ. ქარელი პატარა ქალაქია და არც ისეთი ქუჩები არ არის, რომ  გადაადგილება გამიჭირდეს.   მაღაზიაში როცა მინდა შესვლა, იქ მივდივარ, რომელიც ადაპტირებულია. გადაადგილების პრობლემა უფრო სოფლებსა და დიდ ქალაქებშია, ჩვენთან ასე თუ ისე ადაპტირებულია გარემო, სამსახური ადატირებული მაქვს, სახლიც იგივენირად.

გეგმები: წინ სამი შეჯიბრი მაქვს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში და ახლა ამაზე ვარ მობილიზებული. მომავალში ძალიან მინდა სპორტის მხრივ განვვითარდე, ვისწავლო და სერტიფიცირებული მწვრთნელი გავხდე.

 აქტიური ცხოვრება: ვისურვებდი, უფრო ადრე დამეწყო აქტიური ცხოვრება. მე 33 წლის ასაკში დავიწყე და აღარ გავჩერდი იმის მერე. ახლა, როცა შევხვდები უცხო შშმ პირს, სულ ვეუბნები, რომ არსებობს დღის ცენტრი, ასევე, ვუხსნი, რომ არსებობს პარასპორტი, სადაც  სპორტის  რამდენიმე სახეობაა და პოლულარიზაციას ვუწევ.  ძალიან მინდა, რომ სხვებმაც მიაღწიონ შედეგებს, წარმატებას და იმას, რომ აქტიურები იყვნენ.

 სხვა შშმ პირებს: ვეტყოდი, რომ არ დანებდნენ, იბრძოლონ, დაფიქრდნენ. არ არსებობს ადამიანი რაღაცის ნიჭი არ ჰქონდეს.  ისწავლონ, განვითარდნენ. ტირილს, გლოვას და ა.შ. აზრი არა აქვს, რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლით. უნდა ვიფიქროთ მომავალზე. რაც ჩვენთვისვეა უკეთესი. იბრძოლონ, არ დანებდნენ, დაფიქრდნენ, ისწავლონ, ხელსაქმით დაკავდნენ, ნერვებისთვისაც კარგია და შემოსავალიც არის, გამონახონ საქმე.