Marine Samadashvili:
krótki opis po polsku
მარინე სამადაშვილი:
პროექტის „ჩვენი ხმა“ მეხუთე გმირი - მარინა სამადაშვილი, ცხინვალიდან დევნილი, უძღვება საკუთარ ბიზნესს და არის საჯარო მოხელე. პირველი მძღოლი შშმ ქალი.
ბავშვობა - 4 წლისამ პოლიომიელიტის ვირუსი გადავიტანე. ამის შემდეგ სულ ბრძოლით მოვდივარ, წარმატებით დავამთავრე საშუალო სკოლა, ინსტიტუტი, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას. დაუსაქმებელი არასდროს ვყოფილვარ. როგორც შშმ პირმა, რა თქმა უნდა, საკმაო სირთულეები გადავიტანე, მაგრამ მშობლების, მეგობრების, ჩემს გარშემო მყოფი ხალხის მხარდაჭერით, აი, აქამდე მოვედი. სირთულეები, რა თქვმა უნდა იყო, მაგრამ სირთულეები უნდა დაძლიო, სხვანაირად არ გამოდის.
როგორც შშმ პირი, არასდროს დავუმალივარ ჩემს ოჯახს. პირიქით, ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა მშობლებისგან. სკოლაში რომ დავდიოდი, და ეს ყოველდღე ხდებოდა, მშობლებს ხელით დავყავდით სანამ პატარა ვიყავი. უფროსი კლასის ბავშვები შემოდიოდნენ ხოლმე კლასში, ხელში მიყვანდნენ, მეხმარებოდნენ, ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი. ეს მხარდაჭერა, საზოგადოებასთან ურთიერთობა სტიმულს მაძლევდა. რადგანაც ძალიან მონდომებული ბავშვი ვიყავი და კარგად ვსწავლობი, ასევე, ურთოერთობაში ადვილად შევდიოდი, ალბათ ამიტომ უფრო მცემდნენ პატივს ბავშვები. ხუთები და ოთხები მქონდა შეფასებები და ერთხელ მახსოვს ფიზკულტურაში , მასწავლებლების მსჯელობის შედეგად სამიანი დამიწერეს, ამაზე ძალიან ვინერვიულე და დედამ გააპროტესტა, რატომ სამიანი, საერთოდ არ შეგეფასებინათო და მერე აღარ მიწერდნენ ნიშანს.
პირველი მანქანა: როცა პირველად მივხვდი რომ მანქანის მართვა შემეძლო, ამ დროსაც სირთულეები შემექმნა. ჯერ ერთი, იმ დროს ქალი საჭესთან ძალიან იშვიათი იყო, მართვის მოწმობა ისე ავიღე, სახლში არ იცოდნენ. როცა ვთქვი, რომ მანქანა მინდოდა, ამაზე ძალიან დიდი ნერვიულობა გადავიტანე. არავინ არ მიჭერდა მხარს. იმ დროს 19 წლის ვიყავი. გარკვეული ხნის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ დედამ დამიჭირა მხარი. შემდეგ, როცა მეტი გამოსავალი აღარ იყო, მამამ მომიყვანა მანქანა. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელით სამართი მანქანა მჭირდებოდა. დიდი ხანი ვერავინ გადამიკეთა ხელის სამართად. შემდეგ ბიძაჩემმა, რომელიც ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, გადაწყვიტა მანქანა გადაეკეთებინა, თუმცა მანამდე არც ენახა ხელით სამართი მანქანა. გადამიკეთა და წლების მანძილზე არასწორად გადაკეთებული ხელით სამართი მანქანით ვიარე.
წინა წლების სირთულეები: ძალიან დიდი წინააღმდეგობები გადავლახე. არ იყო პანდუსები, არ იყო ისეთი მიდგომა, როგორც ახლა - შშმ პირი თუ იყავი, სახლში უნდა მჯდარიყავი, რა მანქანა. ინსტიტუტშიც არ ყოფილა არანაირი პანდუსი, მაგრამ იცით რამ შემიწყო ხელი? მეოთხე კლასში რომ ვსწავლობდი, დიდი ბრძოლის შემდეგ საზღვარგარეთ გამიყვანეს მშობლებმა. ჩეხოსლოვაკიაში ექვსი თვე ვიმკურნალე და ყავარჯნებზე დავდექი, იმის შემდეგ ყავარჯნებზე დავდიოდი, ეტლით არ ვსარგებლობდი, მერე და მერე ჩავჯექი ისევ ეტლში. და ამან, რომ ყავარჯნებით დავდიოდი, ძალიან ბევრი რამე მომცა. ინსტიტუტშიც ჩემით მივდიოდი და მოვდიოდი. ასეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე, რომ ერთი ავტომათი არ მჭერია-მეთქი ხელში, თუმცა უამრავი ბრძოლა გადავიტანე.
საკუთარი ბიზნესი: ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, მაღაზია, რომელიც წლებია მუშაობს, მაქვს საკუთარი შემოსავალი. მანქანა ჩემით შევიძინე. სულ ვმუშაობ. საბჭოთა კავშირის დროს ბუღალტრად ვმუშაობდი. მაგრამ მაშინ მცირე ხელფასები იყო. შემდეგ შევიძინე საქსოვი მანქანა და ვქსოვდი. ძალიან ლამაზი ნაქსოვები გამომდიოდა. მაშინ ეს საქმიანობა მეხმარებოდ მცირე შემოსავალი მქონოდა. ახლა ნამდვილად აღარ მაქვს ამის დრო. მაღაზიის გარდა ვარ საჯარო მოხელე.
რომ არა დაავადება: ის, რასაც ახლა მივაღწიე ჩემთვის ძალიან ბევრია და რომ არა ჩემი მდგომარეობა, ალბათ უფრო მეტს გავაკეთებდი, სხვანაირი ვიქნებოდი უფრო. უფრო მეტი შესაძლებლობები მექნებოდა, ოჯახი, შვილები მეყოლებოდნენ და უფრო სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
დევნილი ცხინვალიდან: მე ვარ დევნილი ცხინვალიდან. ძალიან ვწვალობ, სოფლიდან დავდივარ. თუ გადაწყდება ჩემთვის ბინის მოცემა, ცოტა შეიცვლება, ალბათ, რაღაცეები. უფრო აქეთ გადმოვალ საცხოვრებლად. გამიუმჯობესდება პირობები.
ქალებისათვის: ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია „ქალები მშვიდობიანი თანაცხოვრებოსათვის“. აგვისტოს ომის შემდეგ მიმართულება შევცვალეთ და პროექტი ძირითადად დევნილ ქალებს ეხებოდათ. ძალიან კარგი პროექტი გამომივიდა. სამი-ოთხი ძალიან კარგი პროექტი გავაკეთეთ, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ შევძელი ამდენ რამეს გავწვდომოდი, სამსახური, ჩემი კომერციული საქმიანობა, ამიტომ შეჩერებული მაქვს ფონდი დროებით. ბუნებით ვარ ასეთი, რომ როცა საქმეს ვკიდებ ხელს, ბოლომდე უნდა დავიხარჯო, რომ გამომივიდეს. ამიტომ ზერელედ არასდროს ვაკეთებ არაფერს.
შეცვლილი პირობები და აღქმა: ადამიანი რაღაც სიტუაციის გამო ხდება შშმ პირი. ახლა რომ არის ისეთი შესაძლებლობები რომ მქონოდა მაშინ, უფრო მეტს მივაღწევდი სწავლის მხრივ. ახლა ყველანაირი პირობები გაქვს, ხელს გიწყობს სახელმწიფო, ხელს გიწყობს საზოგადოება, არ არის ახლა ისეთი შეზღუდვები ჩემს დროს რომ იყო. ახლა ცოტა მეტი უნდა გაისარჯო, ცოტა მეტი უნდა გააკეთო, მერე რა, რომ ეტლში ზიხარ, გონება თუ კარგი გაქვს რატომ არ შეიძლება კარგად ისწავლო და მეტს მიაღწიო, მეტი განათლება მიიღო, და ზოგჯერ მიკვირს ხოლმე ისეთი მიდგომები, რომ არ უნდა სწავლა, არ უნდა არაფერი. უნდა აიყვანო შენი თავი და უნდა შეძლო, სხვანაირად არ გამოდის თუ გინდა რომ ამ საზოგადოების წვერი იყო, თუ გინდა არ განსხვავდებოდე სხვისგან არაფრით.