Levan Makhatadze

 

Levan Makhatadze:

krótki opis po polsku

ლევან მახათაძე:

მე ვარ ლევან მახათაძე, 21 წლის, გორიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, სწავლა გავაგრძელე გორის დემოკრატიულ სკოლაში. 2015 წლიდან პროექტში PITA ჩართული ვარ მოხლისედ. ამ ეტაპზე კი დასაქმებული ვარ გორის "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში". ასევე, ვარ პარასპორტსმენი, მკლავჭიდელი. ვმუშაობ ტრენერად და გარდა მკლავჭიდისა, ვცდილობ ბავშვებში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დანერგვას. ყოველთვის ვიცოდი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ და მინდოდა სპორტით დაკავება, მაგრამ ვერ ვახერხებდი არაადაპტირებული გარემოს და საზოგადოების დამოკიდებულების გამო. თუმცა 6 წლის წინ, 3 დეკემბერს მარნეულში გაიმართა შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები, რომელშიც მონაწილეობის შემდეგ გორის სპორტის სკოლაში მიმიწვიეს.

posłuchaj historii
მოუსმინე ამბავს

 

 

 

 

 

 

 

fot. Tsitsvidze Tinatin


ბავშვობაზე: ძალიან რთული ბავშვობა მქონდა. ფაქტობრივად,  ბავშვობიდან საავადმყოფოში ვარ გაზრდლი. პატარობისას ვერ ვიაზრებდი სირთულეებს, ყველაფერი ჩემი მშობლების კისერზე გადადიოდა. ოპერაციის შემდეგ დაიწყო ჩემი მშობლების რთული ცხოვრება, მჭიდრებოდა გადასხმები და ისეთი პროცედურები, რომელიც ჩემს მდგომარეობას ახლავს თან და საჭიროა. როცა წამოვიზარდე, მედიკამენტური მკურნალობა დავიწყე, გარკვეული წლების შემდგე წინსვლა დამეტყო როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივად. ფიზიკურში იგულიხმება ყავარჯნებით სიარული, კედელ-კედელ სიარული და სხვა. ოპერაციამდე, ფეხები აბსოლუტურად გადაჯვარედინებული მქონდა და ვერ ვმოძრაობდი. შემდეგ, როცა წამოვიზარდე, მოზარდობისას, 15-16 წლის ასაკში გამიჩნდა კითხვები, რატომ ვარ ასე, რა გახდა ჩემი მდგომარეობის მიზეზი. მშობლები ჩემს შეკითხვებს შეძლებისდაგვარად სცემდნენ პასუხს.

საკუთარ პასუხისმგებლობაზე:  ჩემი მდგომარეობა გავიაზრე და გავითავისე. როცა ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით მშობლებისგანაც ვერ მივიღე ისეთი პასუხი, რომელიც დამაკმაყოფილებდა,  საკუთარ თავში დავიწყე პასუხის ძიება -  იმ დროდან დაიბადა ახალი ლევანი, რომელიც ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეჯობნა და გადაელახა ყველა ის საზღვარი, რომელიც მას ხელს უშლიდა ამ მდგომარეობის გათავისებაში. დაახლოებით 20-21 წლის ასაკში, უკვე სკოლა დამთავრებული მქონდა და ცხოვრების სერიოზულ ეტაპზე ვიყავი შემდგარი, როცა გავიაზრე, რომ გარკვეული პასუხისმგებლობები მე მენიჭებოდა და მას ჩემს მაგივრად ვერავინ გააკეთებდა.

სკოლაზე: ახალი ლევანის დაბადებაში ჩემმა სკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, არ მაგრძნობინებდნენ ისინი, რომ მე ვიყავი შეზღუდული შესაძლებლოებბის მქონე, ყველა აქტივობებში ჩემს კლასელებთან ერთად ვიყავი ჩართული და ყველაფერს მათთან ერთად ვაკეთებდი. ზოგჯერ შშმ პირების დისკრიმინაცია ხდება, მაგრამ ჩემი უნარებიდან, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არ ვაძლევდი მათ იმის უფლებას, რომ ჩემს მიმართ დისკრიმინაცია ყოფილიყო. არა, სკოლაში განსაკუთრებულ პირობებში არ მამყოფებდნენ და რომც ყოფილიყო ასეთი შემთხვევა, მე არ მივცემდი მათ ამის უფლებას, რადგანაც თუ ყველა თანასწორია და ყველას ეხება რაღაცა, მაშინ მე რატომ არ უნდა შემეხოს ის და რატომ უნდა ვიყო ვინმესგან განსხვავებული?

მე ვისწავლე:  როდესაც მოზარდი გავხდი, და უფრო პატარა რომ ვიყავი მაშინაც, მაღიზიანებდა ხალხის დაჟინებული მზერა, როცა გავივლიდი ქუჩაში (ყავარჯნებით დავდიოდი პატარაობისას), ყველა მე მიყურებდა, ყველა ჩემზე ლაპაარკობდა, „ამას რატომ არ უშველა ოჯახმა“, „ვაიმე შვილო“ და ასეთი სულელეური ფრაზები მესმოდა. იყო ისეთი შემთხვევები, როცა გავუჩერებივართ და ფული მოუციათ 50 თეთრი და ლარი... როცა გავიზარდე და გავათვითცნობიერე ჩემი მდგომარეობა, იგივე გრძელდებოდა, მაგრამ ვისწავლე ის, თუ რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე. მე ვისწავლე, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციო იმას, თუ რას იტყვიან დღეს და ხვალ ჩემზე სხვები. ყველას აზრს არ ვითვალიწინებ. ყველას მოსმენა შეიძლება, მაგრამ ყველასთან საუბარი არ შეიძლება. მე ასე მაქვს შთაგონებული და ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა.

ძველ ლევანსა და ახალს შორის  ის განსხვავებაა, რომ ლევანს ახლა დაბრკოლებების არ ეშინია, უფრო პასუხისმგებლიანია და უფრო დარწმუნებულია თითოეულ გადაწყვეტილებაში. მას შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშოს სხვა შშმ პირებთან მიმართებაში, რომ ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში უკეთ რეალიზებას.  

დაინტერესება: ინტერესის სფერო ზოგადად ყველაფერია, მინდა, რომ ასე თუ ისე ყველაფერში ვერკვეოდე. დავამთავრე ორი სახელწმიფო სასწავლი უნივერსიტეტი მცირე ბიზნების განხრით, შემდეგ დემოკრატიის სკოლაში მივედი, ტრენინგები და ა.შ. დავადექი სამოქალაქო აქტივიზმის აქტიურ გზას.

გორის „კეთილდღეობისა და განვითარების“ცენტის თანაშრომელი ვარ, მინდა თინა ბრეგვაძეს მადლობა გადავუხადო ცენტრში დასაქმებისთვის. მას მართლა დიდი მადლობა ეკუთვნის ჩემგან.

შშმ პირებისთვის გარემოს გაუმჯობესებაზე:  საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ სამწუხაროდ არ არის ეროვნული მთავრობა. მე რომ მოვიდე ხელისუფლებაში, მიფიქრია პოლიტიკოსობაზე,  მივხედავდი არა იმას, ვინ რა ფერის ჯიპში ჩაჯდება და ა.შ. პირველ რიგში  შშმ პირებისთვის ადაპრიტებულ გარემოს მოვაწყობდი, მე ვიქნებოდი შშმ პირების ხმა. გავაკეთებდი ისე, რომ მათ იმაზე სრულფასოვნად იცხოვრონ, ვიდრე დღეს ცხოვრობენ.

 ოჯახზე: მე ვინც ვარ დღეს, დაბადებიდან და დღეს, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, ჩემთვის ოჯახი პირველი ფასეულობაა, იმის მაჩვენებელია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ნორმალურმა, წესიერმა და აღზრდილმა ადამიანმა, ჩემთვის ოჯახი ყველაფერი კარგის მაგალითია.