Jambul Oblishvili:
“Oczywiście wnuki, podobnie jak własne dzieci, dają nam impuls do życia i pozwalają zapomnieć o wszystkich problemach, także problemach zdrowotnych. Zawsze, gdy jesteśmy razem, wspólnie bawimy się I cieszymy”.
ჯამბულ ობლიშვილი:
„რა თქმა უნდა შვილიშვილები, ისევე, როგორც შვილები, ცხოვრების სტიმულს გვაძლევენ და გავიწყებენ ყველა პრობლემას, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემას. ყოველთვის, როცა მათთან ერთად ვარ, თამაშის ხასიათზე ვარ და ვართობთ ერთმანეთს”.
28 წლამდე: ქარელის რაიონის სოფელ ფცაში დავიბადე, მქონდა ბედნიერი ბავშვობა, არაფერს ვუჩიოდი, იქვე დავამთავრე სკოლა, ვმსახურობდი რუსულ ჯარში, წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, შემდეგ წარმატებული სტუდენტი, ვცდილობდი რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამეკეთებინა, ვეწეოდი ჯანსაღი ცხოვრების წესს. უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე, სხვადასხვა ორგანიზაციაში სპეციალობით, მთავარ ბუღალტრად ვმუშაობდი, ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, კმაყოფილი ვიყავი ჩემი ბედით, ჩემი ოჯახით. უკვე მყავდა მეუღლე და ორი შვილი. ვცდილობდი ცხოვრების რიტმს არ ჩამოვრჩენოდი და ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, მაღალ დონეზე გამეკეთებინა.
28 წლის შემდეგ: 28 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად, ავტოკატასტროფის გამო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე იდო ჩემი ბედი, თუმცა, ექიმებმა გადარჩენა შეძლეს. დამრჩა ხერხემლის ტრავმა, რომლის აღდგენა გართულდა. გარდა ამისა, იყო სხვა უამრავი გართულებებიც. ფაქტობრივად, ოთხი-ხუთი თვის მანძილზე საავადმყოფოში ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემს თავს და ძალიან რთული იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც, ჩემი ახლობლებისთვისაც. ცხადია, ვიცნობდი მანამდე რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, ეს ძალიან რთული იყო. რთული კი არა, სიკვდილზე უარესიც კი იყო. შემდეგ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მებრძოლა არა მარტო თავის გადარჩენისათვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახის წევრებისათვის და ახლობლებისთვის შეღავათი მიმეცა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ და დარდობდნენ.
ეს იყო 1994 წელი. ანუ, ისეთი რთული დრო, რომ ოპერაციისთვისაც საწვავი ჩვენ მივიტანეთ. მძიმე პირობები იყო. გვირჩევდნენ, რომ წავსულიყავით უკრაინის ან ერევნის რეაბილიტაციის ცენტრში, მაგრამ იქაც მარტივი არ იყო მიღება, რადგანაც სახელმწიფოებს შორისაც არ იყო მაშინ დალაგებული ურთიერთობა. ამიტომ მე თვითონ ვიმუშავე საკუთარ თავზე. დაახლოებით სამი-ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ უბრალოდ ქუჩაში გამოვსულიყავი. მანამდე მერიდებოდა, მეუხერხულებოდა ეტლით გარეთ გასვლა, არ მინდოდა რომ ვინმეს დავენახე და სიბრალული გამოეხატა.
რეაბილიტაცია: მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ავტომანქანა შევიძინე, რომელიც გადავაკეთე ისე, რომ მართვა შემძლებოდა. და ზუსტად ამ დროიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება, სირთულეების დაძლევა. შევძელი სხვებთან ურთიერთობა, ექიმთანაც, როცა მჭირდებოდა, დამოუკიდებლად მივდიოდი, ნელ-ნელა ყველაფერის გაკეთება დავიწყე.
ოჯახი: ოჯახის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ალბათ, დღემდე ვერ მოვიდოდი. ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ფატალურად დასრულდა მსგავსი ისტორია. ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლის ფიზიკური და მორალური მხარდაჭერის წყალობით ერთად დავძლიეთ ეს პრობლემა. ჩემი ოჯახისა და ჩემი ახლობლების თანადგომით, ყველამ ერთად შევძელით ეს.
მეუღლე სტუდენტობის დროს გავიცანი და იმ პერიოდებშივე შევქმენით ოჯახი. გვყავს ორი შვილი და უკვე ოთხი შვილიშვილი, 33 წელიწადია ერთად ვართ და გვაქვს ბედნიერი ოჯახი.
ბიზნესი: სოფელში როცა ცხოვრობ ყოველთვის გაქვს ის ცოდნა და გამოცდილება, რომ მიწა დაამუშავო. ჩვენ გვქონდა ბაღებიც, ხეხილიც, ერთწლიანი კულტურებიც. გვქონდა საოჯახო მეურნეობა. რამდენიმე წლის წინ ექვსი ჰექტარი მიწა იჯარით ავიღე, პროგრამა „დანერგე მომავლის“ მხარდაჭერით დავრგეთ მრავალწლიანი კულტურები, დაახლოებით 12 სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ნერგები, ავიღეთ ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტი, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და უკვე მესამე წელიწადია საქმეს წარმატებით ვართმევთ თავს. ხეხილი ჯერჯერობით მსხმოიარე არ არის, მაგრამ ვიმედოვნეთ, რომ მომავალში გაამართლებს. აქამდე კი ყველაფერი კარგად მიდის.
შვილიშვილები: რა თქმა უნდა შვილიშვილები, ისევე, როგორც შვილები, ცხოვრების სტიმულს გვაძლევენ და გავიწყებენ ყველა პრობლემას, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემას. ყოველთვის, როცა მათთან ერთად ვარ, თამაშის ხასიათზე ვარ და ვართობთ ერთმანეთს.
თუკი ეტლით მოსარგებლე გახდი: აუცილებელია სულიერი და მორალური სიმყარე, არასდროს დაეცეთ. ყოველთვის უნდა ჰქონდეთ იმედი. მიყვნენ, რა თქმა უნდა ცხოვრების ჯანსაღ წესს. არ დაკარგონ შემართება, ხალისი, ჰქონდეთ მეტი სიხარული. თვითონ უნდა მისცენ საკუთარ თავს იმის სტიმული, რომ ყოველდღე ახალი გააკეთონ და ახალ-ახალ გეგმებს შეეჭიდონ. არ მოდუნდნენ. თუკი საკუთარი თავისთვის არა, ოჯახის წევრებისთვის მაინც შეეცადონ რომ გაიღიმონ, გახალისდნენ.