Ioseb Kumelashivili

 

Ioseb Kumelashivili:

„Kiedy chcesz pomóc osobie niepełnosprawnej, najpierw zapytaj ją jakiej pomocy potrzebuje. Zdarzały się przypadki, gdy użytkownik wózka inwalidzkiego został przewrócony, gdy osoby postronne próbowały mu pomóc. Ponadto przy niewłaściwej pomocy możesz się zranić się“.

იოსებ ქუმელაშვილი:

„როცა გინდათ შშმ პირის დახმარება, თავდაპირველად მას ჰკითხეთ რა ტიპის დახმარება სჭირდება. ყოფილა ისეთი შემთხვევები,  ეტლით მოსარგებლე ამოუყირავებიათ როცა მის დახმარებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, არასწორი დახმარებისას შესაძლებელია თავადაც დაზიანდეთ“.

posłuchaj historii
მოუსმინე ამბავს

 

 

 

 

 

 

 

fot. Tsitsvidze Tinatin

სოსო ქუმელაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, სამოქალაქო აქტივისტი.

ბავშვობა:  მესამე საბავშვო ბაღში დავდიოდი. ქართულ სექტორში. შემდე მე-12 სკოლაში დავიწყე სწავლა. როგორც ყველა ბავშვი, ვიყავი ხიფათიანი და ცელქი. ერთხელ სახლში სტუმრები გვყავდა. მე და მამა მანქანით ვაცილებდით მათ, ტრასაზე რომ გამოვედით, მანქანამ დაგვარტყა. ავარიის შემდეგ ხელ-ფეხს ვამოძრავებდი, გავიარე,  მაგრამ თურმე მაშინათვე სდომებია ოპერაციული ჩარევა, გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის არ იყო ისეთი სამედიცინო აპარატურა, როგორიც ახლა არის. ზრდასთან და ასაკთან ერთად პრობლემები შემექმნა.

შეგუება: თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს ყველას გავლილი აქვს, ვინც შშმ პირია და ყველამ იცის ეს როგორი ძნელია. მე ჯერ იმას უნდა შევგუებოდი, რომ როცა გავიარე  ვკოჭლობდი -  თან ეს მაშინ, როცა საზოგადოებრივი ცნობიერება დაბალი იყო, ასევე, ეს სწორი ტერმინები, რომელსაც ახლა ვიყენებთ, მაშინ არ იყო შემოღებული და ძნელი იყო ისიც, თუ როგორ ლაპარაკობდნენ ჩვენზე. ასაკისა და წონის მატებასთან ერთად სამოძრაო კუნთები ვეღარ განვითარდა და 2007 წლიდან უკვე ეტლზე აღმოვჩნდი. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეტლზე არ დავმჯდარიყავი, მაგრამ ოპერაციული ჩარევა თავიდანვე იყო საჭირო.  რთულია, ხელს რომ იშვერენ შენსკენ და მიუთითებენ, შეიძლება ბევრს გაუცნობიერებლად მოსდის, ან არ იცის რა ტერმინი გამოიყენოს. ზოგი გაცნობიერებულადაც ამბობს - არის ეგეთი შემთხვევები. მაგრამ მაინც გამოვდიოდი გარეთ.

განათლება: დამთავრებული მაქვს გორის უნივერსიტეტი, ეკონომიური ფაკულტეტი, კერძოდ, ფინანსები და საბანკო საქმე. გამომადგა თუ არა სპეციალობა? არა, არ გამომადგა. სხვა განხრით წავედი. 2011 წლიდან მერიაში დავსაქმდი, სადაც კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მჭირდებოდა სამუშაოდ. ვფიქრობ უფრო მეტი რამ შევისწავლო პროგრამირებაზე და ცოდნა გავიღრმავო ამ კუთხით.

პოლიტიკაში: პოლიტიკაში რომ წავსულიყავი და ქალაქში რაიმეს შეცვლის საშუალება რომ მქონოდა, ბევრ რამეს შევცვლიდი. თუნდაც, ქუჩების კეთილმოწყობა, ადაპტირებული გარემო. კი, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ზოგი სტანდარტებში არ ჯდება, ზოგი პანდუსი კარგად არის გაკეთებული, ზოგს კი ხელის შევლება და შესწორებები უნდა - ამ კუთხითაც ვიმუშავებდი და ასევე, ვიმუშავებდი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც. მწვავედ დგას ეს საკითხი და ნებისმიერი ადამიანის უფლება ნებისმიერ დროს შეიძლება დაირღვეს.

თავიდან ეტლით რომ გამოვედი, გამიჭირდა, მაგრამ, დავძლიე ყველა სირთულე. წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა ქუჩებში გამოსწორებულია, არის ადგილები, სადაც ტროტუარებზეც კი ივლი. თუკი სადმე მოსაწესრიგებელი პანდუსი შემხვდა, ფოტოს ვუღებ და ვაფიქსირებ. თუმცა, მხოლოდ პანდუსი არ არის და ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლემ კომფორტი იგრძნოს.

მინდა რომ:  აქტიურად ვიყო ჩართული იმ საკითხებში, რომლის ცოდნა და გამოცდილება გამაჩნია და შემიძლია რაიმეს გაკეთება.

თუკი ეტლით მოსარგებლე გახდი: პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გაიმარჯვო, დეპრესიაში არ ჩავარდე. გარეთ გასვლაზე და საზოგადოებასთან კონტაქტზე უარი არ უნდა თქვა. ეს არსი პირველი დამხმარე -  ადამიანებთან კონტაქტი. თანდათან, აქტიური გახდები, ბოლო-ბოლო, ვიღაც ნაცნობს დაინახავ და გაესაუბრები, არ უნდა დაკომპლექსდე. გულისტკენაც იქნება, ვიღაც რაღაცას გაგაგონებს, მაგრამ არ უნდა მიაქციო ყურადღება, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ყველაფერს დაესწრონ, ასევე, ორი სიტყვა მაინც თქვან. ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, მე მაგან გამომიყვანა და დამეხმარა, რომ კიდევ უფრო აქტიური ვყოფილიყავი. საზოგადოების გარეშე შეუძლებელია გადაიტანო.

შეკითხვა შშმ პირს:  როცა გინდათ შშმ პირის დახმარება, თავდაპირველად მას უნდა კითხოთ რა ტიპის დახმარება სჭირდება. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ეტლით მოსარგებლე ამოუყირავებიათ როცა მის დახმარებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, არასწორი დახმარებისას შესაძლებელია თვითონაც დაზიანდნენ.