Gela Nadibaidze:
krótki opis po polsku
გელა ნადიბაიძე:
გელა ნადიბაიძე - გორში, ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი პარაფეხბურთის გუნდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ტრავმამდე: 1963 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დავიბადე. დავამთავრე ამავე სოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის პუშკინის სახელობის ინსტიტუტში ჩავაბარე. რამდენიმე ხანში ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავედი სასწავლებლად. 1990 წელს, როცა ის დავამთავრე, დაიწყო ომი, ცხინვალში არეულობა. ამ ომის მონაწილე ვიყავი. პოლიციაში ვმუშაობდი. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო ყველა, ამიტომ ჩავიცვი ფორმა და პოლიციაში დავიწყე მუშაობა. გამოვიარე როგორც ცხინვალის ომი, ასევე, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომიც. შემდეგ მოხდა ისე, რომ ავტოავარიის შედეგად, საჭესთან სხვა იჯდა, ხერხელმის ტრავმა მივიღე. მყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები.
შეგუება: ტრავმის შემდგომ ძალიან რთული იყო მასთან შეგუება. ეს ძალიან ძნელი გადმოსაცემია. თითქმის ხუთი წელი სახლში ვიყავი, დეპრესია მქონდა. შემდეგ ქალბატონი თინა მოვიდა პირადად, მესაუბრა, ასევე, ახლობლების, ოჯახის წევრების გვერდით დგომით გამოვედი სახლიდან და ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შემდეგ ვნანობდი ის ხუთი წელი რატომ დავკარგე. თურმე ეს ტრავმა არ ყოფილა რაღაც ტრაგედია და ცხოვრება გრძელდება და ადამიანმა უნდა მოინდომოს ეს. გორის მერიაში უკვე მეთორმეტე წელია დასაქმებული ვარ.
იდეა პარაფეხბურთის შესახებ: ერთხელაც ფეხბურთის ფედერაციიდან როგორც შშმ პირს დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ამ ფეხბურთის განვითარებისთვის ხელი შემეწყო გორში და გორის რაიონში. მანამდე არც ვიცოდი ამპუტანტთა ფეხბურთის შესახებ. რადგანაც ის გზა, რომელიც მე გამოვიარე, არ მინდოდა სხვასაც, ჩემს მდგომარეობაში მყოფს გაევლო, რადგანაც მინდოდა ფსიქოლოგიური შეგუების პროცესი შემემსუბუქებინა, რომლის ერთ-ერთ გზად ზუსტად ეს ფეხბურთი წარმომედგინა, დავთანხმდი გუნდის გაკეთებას. ჩაკეტილები, დათრგუნულები - ყველა შშმ პირს აქვს ამის ნიშანი. ერიდებათ საზოგადოებაში გამოჩენის, კომპლექსები აქვთ. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვალდებული ვარ ახლა მე ვიარო კარდაკარ და სხვას დავეხმარო. მოვისვი გვერდით ჯანმრთელი, ფეხზე მდგომი ადამიანი და სოფელ-სოფელ დავდიოდი, თითოეულ ოჯახში შევდიოდი, ვკითხულობდი ამპუტირებულების შესახებ, თუ იყო იმ სოფელში ასეთი, მიმასწავლიდნენ, მივდიოდი იქ და მათ ვესაუბრებოდი.
გუნდი: თავდაპირველად ირონიული დამოკიდებულება იყო. არც კი გაეგოთ, რომ არსებობდა ასეთი რამე. ხშირ შემთხვევაში დამცირებულიც კი წამოვსულვარ ასეთი დამოკიდებულებების გამო. ამავე დროს იყვნენ ისეთებიც, რომელთაც გაეხარდათ ამ იდეის შესახებ. შემდეგ, ვინც გუნდში ყოფნაზე დამთანმხდა ისინი დავისვი გვერდით და მათ, ვინც არ მთანხმდებოდა დავანახე, რომ მისნაირები აგერ გამოვიდნენ და თამაშობენ. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სკეპტიკურად განწყობილებიც შემოგვერთებოდნენ.
თამაში: ჩვენ ვთამაშობთ და ვვარჯიშობთ მინი-სტადიონებზე. სტანდარტული სტადიონი არ გვაქვს, რომელიც ძალიან გვჭირდება. როცა მოედანზე გავდივართ, იქ უკვე გვიჭირს, რადგანაც სავარჯიშოდ პატარა მოედანი გვაქვს. სტანდარტული სტადიონი 40X60-ზეა, ჩვენ კი 20X40-ზე ვვარჯიშობთ. გვჭირდება მოედანი, რომელსაც გასახდელი ექნება. აი, ამპუტანტ ფეხბურთელთა მოედანი რომ იყოს სადმე მოწყობილი კარგი იქნებოდა. ის რაც ჩვენ გვჭირდება არის სტადიონი და მეორე - ყურადღება.
მედია: მერია ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს და ფინანსურადაც გვეხმარება. რომ არა მათი ნება, ჩვენ ვერ ვიარსებებდით - მოგეხსენებათ, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როცა ყურადღებას ვამბობ, ვგულისხმობ მედიას - მედიის ჩართულობა აუცილებელია. აუცილებელია ისინი თამაშებს დაესწრონ და შემდეგ ამაზე ისაუბრონ. რამდენიმე თამაშზე მოვიწვიე ადგილობრივი ტელევიზიები. კი, იყვნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ აღარ დადიოდნენ, აღარ აშუქებდნენ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მარტო ამპუტანტებისთვის, საერთოდ საზოაგდოებისთვის, რომ მათ დაინახონ, რომ შშმ პირები არ არიან უყურადღებოდ, აგერ ვითარდებიან და შეიძლება, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ხვალ ვიღაცას მოკვეთონ კიდური და იცოდნენ, რომ ეს არ არსი განაჩენი.
გორის „დილა“ და „მწვანე ტაქსი“: საფეხბურთო კლუბი გორის „დილა“ გვეხმარება, ფორმები შეგვიძინა, ინვენტარს გვაწვდის. გვერდში გვიდგას კომპანია „მწვანე ტაქსი“, რომელიც გადაადგილებაში გვიწყობს ხელს, მაგალითად, თბილისიდან ორი ფეხბურთელი მყავს, ისინი „მწვანე ტაქსს“ უფასოდ დაყავს გორში. მაგრამ ეს კომპანია მარტო ამ ორ ფეხბურთელს კი არ ეხმარება, არამედ, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს, ვისაც გორი-თბილისის მონაკვეთზე გადაადგილება სურს.
ოჯახი: ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი როლი აქვს ნებისმიერ საკითხში და განსაკუთრებით, როცა საქმე ჯანმრთელობას და ტრამვას ეხება. გვერდზე მედგნენ ჩემი მეუღლე, ჩემი მშობლები, ჩემი ახლობლები. იმ პერიოდებში, როცა დეპრესია მქონდა და გარეთ არ გავდიოდი, მიყიდეს მანქანა და მომიყვანეს. რამდენიმე დღე ვუყურე მანქანას შორიდან, შემდეგ დავჯექი და ცოტა გავიარე. მერე ავმოძრავდი. მაშინ ჩემი ერთი ბიჭი ორი წლის იყო, მეორე ექვსის. ისინი და მათი მომავალი იყო ის საზრუნავი, რამაც გარეთ გასვლა გადამაწყვეტინა. როცა თავს მოვერიე და სოციალურ ცხოვრებას დავუბრუნდი, ყველაფერს ვაკეთებდი, მათ შორის, სოფლის მეურნეობასაც მოვკიდე ხელი, ხუთი ჰექტარი მიწა ავიღე, ვამუშავებდი და მომყავდა მარცვალი. ჩემი მანქანით დავდიოდი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელი ყოველთვის გვერდზე მეჯდა იმ შემთხვევისთვის, რამე რომ დამჭირვებოდა. ამ ყანას ცხრა წელი ვუვლიდი.
მეუღლე: ჩემმა მეუღლემ უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს მე ასე ამაყად ვარ, რომ ვმუშაობ, რომ ოჯახი მაქვს. რაც შეეხება ჩვენი სიყვარულის ამბავს, ჩვენ ერთ კურსზე ვიყავით. შემდეგ, როცა თბილისიდან ცხინვალში გადავედი სასწავლებლად, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ჩემი ბიძაშვილი სწავლობს შემთან კურსზე და ყურადღება მიაქციეო. გავიცანი ჩემი მეგობრის ბიძაშვილი, შემდეგ დავახლოვდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და სახლში რომ მოვიყვანე, ჩემს მეგობარს ვუთხარი, ამაზე დიდი ყურადღება როგორ მივაქციო-მეთქი. შემდეგ ერთად დავამთავრეთ სასწავლებელი.
თუკი ახლა გახდა ვინმე ამპუტირებული: პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ. მე რომ ვინანე, ის ხუთი წელი რატომ დავკარგე სახლში ჯდომაში-მეთქი. ჩემსავით ნუ დაკარგავენ დროს, ნუ მიეცემიან დეპრესიას. ჩემი თხოვნა იქნება რაც უფრო მალე ჩაერთვებიან ცხოვრების ფერხულში ჯანმრთელობისთვისაც კარგია. როცა ხალხში და საზოგადოებაში გამოდიხარ, ამით საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდები. მე ჩემნაირ ტრავმირებულებს რომ არ შევხვედროდი, ვერ გავიგებდი იმდენ რამეს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და რასაც ვერც ინტერნეტით და ვერც ტელევიზიით ვერ ვნახავდი. ამიტომ, მოთხმინება და მომავალზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია. ცხოვრება გრძელდება და ამ მდგომარეობით არ სრულდება ცხოვრება. მედიცინა წინ მიდის, არ შეიძლება ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც ის მოიტანს, დასუსტებული დახვდეთ. უნდა იყოთ ჯანმრთელი და იბრძოლოთ ცხოვრებისთვის.