Diana Jishiashvili with son Andria:
krótki opis po polsku
დიანა ჯიშიაშვილი შვილთან, ანდრიასთან ერთად:
"ჩვენი ხმას" მერვე გმირია დიანა ჯიშიაშვილი, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრი, მრავალ მიღწევათა შორის მის ანგარიშზეა C კატეგორიაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ვარშავაში ჩატარდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიღწევებისა, რომელიც დიანას აქვს და მასზე ვრცლად ქვევით წაიკითხავთ.
დავიბადე გორში და ვსწავლობდი სოფელ ორთაშენის სკოლაში. ძალიან ვამაყობ ამით და დღემდე მახსოვს ის თბილი გარემო, ჩემი უთბილესი პედაგოგები. სკოლის დამთავრების მერე, სამწუხაროდ, ხერხემლის ტრავმა მივიღე, ხერხემალი დამიზიანდა და ამის შემდეგ გორს თითქმის სრულიად მოვწყდი. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის. გადმოვედით თბილისში. ჩავაბარე პროფესიულ კოლეჯში. მივიღე პროფესიული განათლება. შემდეგ დავიწყე ვარჯიში და გავხდი პარა-მოფარიკავე. ახლა პარლამენტის აპარატში ვარ დასაქმებული. საქმის წარმოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ. გარდა ამისა, აქტიურად ვარ სპორტში ჩართული. ახალი ცხოვრებასთან შეგუება ძალიან რთული იყო და დღესაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის ეს როგორ დავძლიე. რომ მახსენდება რამდენ სირთულეებს ვაწყდებოდი, მიკვირს ეს ყველაფერი როგორ გადავლახე. მქონდა ურთულესი დეპრესია და როცა დავიღალე ამ დეპრესიისგან, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისედაც ცუდად ხარ და რატომ ირთულებ მდგომარეობას, თავი უარესად არ დაიტანჯო, უნდა გაძლიერდე, მიუხედავად იმისა, რომ ეტლში ხარ, უნდა გამოხვიდე გარეთ. უნდა დაიწყო აქტიური ცხოვრება, უნდა მიიღო განათლება, შენს თავს შენ თვითონ უნდა დაეხმარო პირველ რიგში. ამის შემდეგ დავგეგმე ჩემი ცხოვრების გზა, დღემდე ასე ვგეგმავ და მივყვები გეგმებს და საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში ვაღწევ ჩემს მიზანს. ჩემი მიღწევებითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ეს ბევრი შრომის შედეგია.
სპორტი: სპორტით 2015 წელს დავინტერესდი. მინდოდა ფიზიკურად გავძლიერებულიყავი, ამის კარგი საშუალება პარასპორტი იყო. შემდეგ უკვე იმდენად ჩამითრია ამ სპორტმა და იმდენად დამოკიდებული გავხდი ფარიკაობაზე, რომ მის გარეშე, ფაქტობრივად, ვეღარ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. ვვარჯიშობდი უფრო აქტიურად. მოვხვდი მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთში. იტალიაში არა ერთ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა და ახლა ბოლოს ივნისში პოლონეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ავიღე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო.
ოჯახი - ჩემი მეუღლე გორში გავიცანი. თავიდან მეგობრები ვიყავით და შემდეგ მივხვდით, რომ საკმაოდ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. შემდეგ ანდრია გაგვიჩნდა. ჩემთვის ბავშვის გაჩენა წარმოუდგენელი იყო, თუმცა, ვიცოდი, რომ შემეძლო. თუმცა, არ ვჩქარობდი, ვფიქრობდი, რომ ფიზიკურად უფრო გა მოვჯანმრთელებულიყავი, მაგრამ ღმერთის წყალობით, ორგანიზმმა ხელი შემიწყო და ანდრია გამიჩნდა.
ახლა ასე ლამაზად ვყვები, მაგრამ სირთულეები ძალიან ბევრი იყო. რა თქმა უნდა, ეტლით გადაადგილება ორსული ქალისთვის რთულია. თან ორსულად რომ ხარ, ყველაფერს ემოციურად იღებ უფრო და შეიძლება, ქუჩაში რომ გახვალ და ბარიერი რომ შეგხვდება ამანაც კი იმოქმედოს ნაყოფზეც ცუდად, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ, შეგეშინდა გადასასვლელზე. ასეთი შემთხვევებიც მქონია, იქ სადაც უფასო გამოკვლევები უნდა ჩამეტარებინა, რომელიც ყველა ორსულს ეკუთვნის, იმ კლინიკაში კიბეების გამო ვერ შევაღწიე. როდესაც კიბეებზე ასვლაში მეხმარებოდნენ, ძალიან შემეშინდა, ვინერვიულე და ამის გამო კლინიკა შევიცვალე და უფასო გამოკვლევების ნაცვლად კერძო კლინიკაში დავდიოდი, სადაც ყოველი კონსულტაცია და ვიზიტი საკმაოდ ძვირადღირებული იყო. არც იმ კერძო კლინიკაში ჰქონდათ ეტლით მოსარგებლესთან, 14 წლის ტრავმის მქონე პირთან გამოცდილება. ზოგადად, საქართველოში მხოლოდ არა, მსოფლიოშიც იშვიათი შემთხვევაა ასეთი რთული ტრავმით ბავშვი გაეჩინათ. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ უშუალოდ მშობიარობის დროს. ანდრია არის ჯანმრთელი, მეც ვარ ჯანმრთელი და ბედნიერი.
დედობა - ძალიან რთულია. თავიდან ძალიან მეშინოდა, პირველი შვილია და გამოცდილება არ მქონდა, ამას დამატებული ჩემი მდგომარეობა და მეგონა, რომ ბევრ რამეს ვერ შევძლებდი, საჭმელი რომ მეჭმია ბავშვისთვის იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ დედა მაინც ძლიერია, მისი ინსტინქტი. რასაც ადრე ვერ ვაკეთებდი ის ბავშვის გაჩენის შემდეგ შევძელი. ბავშვმა კიდევ უფრო გამაძლიერა. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე მეხმარება აღზრდაში, მას ძალიან დიდი როლი აქვს, მაგრამ თითქმის 50%-ით მეც ჩართული ვარ ამ ყველაფერში. ჩემს რესურსებს მაქსიმალურად ვიყენებ, ვაჭმევ, ყველაფერში, რაც სჭირდება, ვეხმარები, ვეთამაშები, ვაძინებ. რთულია, რომ ონლაინ სამსახური გაქვს და თან ბავშვს უნდა მოუარო. რთულია დედობა, მაგრამ როგორღაც ვახერხებ.
მე ვარ ქალი: გორში ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას „მე ვარ ქალი“. პანდემიის პერიოდში ონლაინ ტრენინგებს ვატარებდით. ეს ონლაინ ჩართულობა ჩვენთვის პირველი გამოცდილება იყო, რამაც საკმაოდ კარგად ჩაიარა. ახლა ისევ ონლაინ ვაპირებთ ტრენინგების ჩატარებას, რომლის თემაა „რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებები“. ჩვენი საქმიანობა მიმართულია შშმ პირების, სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირების მშობლებისკენ. ჩართულობა საკმაოდ აქტიურია, მოსწონთ ეს ტრენინგები. მშობლებმაც და თავად შშმ პირებმაც ამ მიმართულებით ბევრი რამ გაიგეს.
სამომავლო გეგმები - აქტიურად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას სპორტში, ასევე, სხვა საინტერესო პროექტებსაც ვგეგმავ. ახლა უკვე მეტი განვითარება მჭირდება. არ შემიძლია აქტიური ცხოვრების გარეშე ყოფნა. არ შემიძლია აქტივობების გარეშე.